საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს სახალხო დამცველი
გიორგი ტუღუში წარადგინა და აღნიშნა, რომ მან სასჯელაღსრულების სისტემის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ტუღუშს განათლება უცხოეთში აქვს მიღებული, ამასთან, რამდენიმე საერთაშორისო კომიტეტის წევრი და ექსპერტია ადამიანის უფლებების დარგში.
„გიორგი ტუღუში არის რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის წამების საერთაშორისო კომიტეტის წევრი. ის არის დიდი ხნის ექსპერტი ადამიანის უფლებების და წამების წინააღმდეგ დარგში. ყველაზე წამყვანი ექსპერტი, რომელიც საქართველოს ჰყოლია ოდესმე. აქვს განათლება მიღებული საზღვარგარეთ და რაც მთავარია, ძალიან ბევრი უბრძვია საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემის გასაუმჯობესებლად“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების მინისტრად სწორედ გიორგი ტუღუშის დანიშვნა.
პრეზიდენტის თქმით, საჭიროა შეიქმნას ახალი სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც სრულად გამორიცხავს შეგნებულ თუ შეუგნებელ პროვოკაციებს და მსგავსი ტიპის დანაშაულს.
