სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში
შს მინისტრის ბაჩო ახალაიას ნდობით აღჭურვილი პირი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე და ნებისმიერი დირექტორი იყო, რომლებიც მის უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ.
ამის შესახებ ვლადიმერ ბედუკაძემ მედიაკავშირ „ობიექტივის“ ეთერში, სკაიპის საშუალებით ისაუბრა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში ყველანაირ გადაწყვეტილებას, თავდაცვის მინისტრობის დროსაც კი, ბაჩო ახალაია იღებდა.
მისივე განცხადებით, გამორიცხულია, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ინფორმაცია არ ჰქონოდა.
ბედუკაძე აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოდან გასვლაში მას მეგობარი, შს მინისტრის ერთ-ერთ მოადგილე დაეხმარა.
„ის საზღვარგარეთ გასვლაში დამეხმარა. არც მეგონა, რომ ქვეყანას დავტოვებდი. არ ვიცი ვისთან ჰქონდა კონტაქტი მას, მაგრამ ეს მერაბიშვილის მინისტრობის დროს მოხდა“ - განაცხადა ბედუკაძემ.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სისტემა მწამებლურ ორგანოდ სააკაშვილის მიერ დანიშნულმა ახალაიების კლანმა გადააქცია.
ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების გამო, სასჯელაღსრულების სამინისტროდან არავინ დაკავშირებია, რადგან მისივე თქმით, ისინი ამას ვერ ბედავენ.
