არასამთავრობო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ დროებით ღონისძიებებს არასაკმარისად მიიჩნევენ
არასამთავრობო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ დროებით ღონისძიებებს არასაკმარისად მიიჩნევენ
13:59 20.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან  დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.

როგორც არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის განცხადებით, მკაცრად უნდა დაისაჯოს პატიმრების წამებაში უშუალოდ ჩართული რამდენიმე პირი და უნდა გატარდეს გარკვეული ზომები პენიტენციურ სისტემაში, რაც ამ ეტაპზე დროებით ღონისძიებად გულისხმობს პატრულის თანამშრომელთა შეყვანას სასჯელაღსრულების ძირითად დაწესებულებებში.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ზომები არ არის საკმარისი და პროპორციული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის იმ შემზარავ და სისტემურ ფაქტებზე, რომლის თვითმხილველიც საზოგადოება ბოლო დღეების განმავლობაში გახდა“-ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ მაღალი თანამდებობის პირთა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელთა სახელებიც უშუალოდ უკავშირდება პენიტენცურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის მასიურ შემთხვევებს. ასევე, გამოძიება არ დაინტერესებულა იმ თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხით, რომლებიც თავად იყვნენ ჩართული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში ან გულგრილად ეკიდებოდნენ დაკისრებულ პასუხისმგელობას და რეაგირების გარეშე ტოვებდნენ არსებულ შემზარავ შემთხვევებს.

ამასთან, არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების დროებითი ზედამხედველობა ფორმალურად დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელის სახელი უშუალოდ უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრებას, რაც სახალხო დამცველის ანგარიშებით დასტურდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, ხელისუფლებამ ადეკვატური და პროპორციული ზომები გაატაროს.

„აუცილებელია დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რათა მათ არ მოახდინონ გავლენა გამოძიების მიმდინარეობაზე“-აცხადებენ არასამთავრობოები.

ამასთან, ორგანიზაციები მოითხოვენ, გამოძიება დაინტერესდეს დაკავებულ პირთა გარდა სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრალეულობის საკითხით, რადგან შეუძლებელია, ამგვარი სისტემური ხასიათის დანაშაულის არსებობის პირობებში, ეს ფაქტები მათთვის ცნობილი არ ყოფილიყო; უზრუნველყოფილი იყოს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და დაცვა, რომლებმაც გამოააშკარავეს წამების ფაქტები და მისი ამსახველი ვიდეო მასალა გახადეს საჯარო; ასევე, ჩატარდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის ყველა სხვა ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ამასთან, გამოძიება უნდა წარიმართოს ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პირობებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების ნდობა.

არასამთავრობოების კიდევ ერთი მოთხოვნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ალტერნატიული მექანიზმების დაშვებას უკავშირდება.

ბეჭდვა