კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს სოზარ სუბარს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების წამების ფაქტების გამოსაძიებლად
კომისიის შექმნა აუცილებლობად მიაჩნია.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია საზოგადოების მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს და მასში ქართველებთან ერთად, საერთაშორისო გამომძიებლებიც უნდა შევიდნენ.
„საქმე გვაქვს კაცობრიობის და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან. შესაბამისად, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შესაძლებელია, მსგავსი კომისია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეგიდითაც შეიქმნას“-აღნიშნა სუბარმა.
მისივე თქმით, სახეზეა დანაშაულთა მთელი ჯაჭვი, რომელიც მხოლოდ ეკრანზე გასული კადრებით არ ამოიწურება. სუბარს მიაჩნია, რომ დანაშაულის ყველაზე ცინიკური გაგრძელება იყო ახალაიას უწყების განმარტება, რომელმაც სცადა, ყველაფერი პატიმარ თამაზაშვილისთვის გადაებრალებინა.
„თუნდაც ამის გამო, დღესვე უნდა დადგეს ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი. ამ სიცრუისთვის დღეს ის უკვე გადამდგარი უნდა იყოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ სისტემის შემქმნელი, სააკაშვილის დაკვეთით, სწორედ ახალაია იყო“-აღნიშნა სუბარმა.
