კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არჩევნებამდე რამენიმე დღით ადრე
ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციების მოწყობას და ისტერიული ფონის შექმნას გეგმავს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის ახალახან დაბრუნდა შვეიცარიიდან, სადაც ქართველი ჟურნალისტის ვახტანგ კომახიძის თხოვნით იმყოფებოდა. მისივე თქმით, კომახიძემ მას მიაწოდა შემაშფოთებელი ინფორმაცია ხელისუფლების განზრახვის შესახებ.
სუბარის განმარტებით, კომახიძეს სანდო წყარომ აცნობა, რომ იგეგმება ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, რომელიც თბილისში დიდი რაოდენობით იარაღის საწყობების აღმოჩენას უკავშირდება.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თბილისში უკვე ნაყიდია 20 ბინა, სადაც დიდი რაოდენობით იარაღია შეტანილი.
სუბარის თქმით, დაგეგმილია, რომ ხელისუფლება შექმნის სერიალებს თუ როგორ იგეგმებოდა მის წინააღმდეგ ამ საწყობებში შეტანილი იარაღის გამოყენება.
მისივე თქმით, წყაროს ამ ყველაფრის დამადასტრურებელი აუდიო და ვიდეომასალაც აქვს, რომელშიც შინაგან საქმეთა ახლანდელი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი უახლოესი გარემოცვა ფიგურირებენ.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ხელისუფლების რეიტინგი კატასტროფულად არის დაცემული, მისი რღვევა უკვე შიგნიდან დაიწყო, ამიტომ მას მოახლოებული არჩევნების ეშინია და ცდილობს ქვეყანაში ისტერიული ფონი შექმნას.
„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით, მშვიდობიანად უნდა შეიცვალოს“- განაცხადა სუბარმა.
მან საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე მოვლენების განსაკუთრებით დაკვირვებისკენ მოუწოდა.
