თეა წულუკიანი - საზოგადოებამ პასუხი ხელისუფლებას 1 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გასცეს
თეა წულუკიანი - საზოგადოებამ პასუხი ხელისუფლებას 1 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გასცეს
12:11 20.09.2012
საარჩევნო ბლოკ - „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა  წამებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის, რაც ტელევიზიების მეშვეობით საზოგადოებამ იხილა, შოკისმომგვრელია. ამის შესახებ წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, წულუკიანი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მან ხელისუფლებას პასუხი 1 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გასცეს.

„მოვუწოდებთ ადამიანებს სიმშვიდისკენ. თუმცა, მე არ ვგულისხმობ აქციების შეწყვეტას. ეს სისასტიკე 1 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ და არ უნდა დავუშვათ, რომ არსებული მუხტი ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენოს. „ქართული ოცნება“ ამ მუხტით არ მანიპულირებს“ - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ის, რაც პენიტენციალურ სისტემაში ხდება, ხელისუფლებისთვის სურპრიზი არ ყოფილა, რადგან ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა.

წულუკიანი აცხადებს, რომ ამ საქმეში უშუალოდ მონაწილეობდა ორი ადამიანი - ხათუნა კალმახელიძე და ბაჩო ახალაია.

„ახალია თავად აწამებდა პატიმრებს. რაც შეეხება კალმახელიძეს, ის ახალაის მარიონეტია და ამ დანაშაულში მას ხელს აფარებდა“ - აღნიშნა წულუკიანმა.

ბეჭდვა