„არჩევნის თავისუფლებისთვის“ - ედიშერ სიხარულიძის პრესკონფერენცია მასზე ზეწოლის გამო გაუქმდა
„არჩევნის თავისუფლებისთვის“ - ედიშერ სიხარულიძის პრესკონფერენცია მასზე ზეწოლის გამო გაუქმდა
10:54 20.09.2012
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მიერ დღეისთვის დაგეგმილი პრესკონფერენცია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ყოფილ წევრზე ედიშერ სიხარულიძეზე  განხორციელებული ზეწოლის გამო გაუქმდა - ამის შესახებ კოალიციაში აცხადებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „არჩევნის თავისუფლებიდან“ აცნობეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა და „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრმა ედიშერ სიხარულიძემ განცხადება გააკეთა, რომ იგი პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებდა და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში მუშაობაზეც უარს აცხადებდა.

კოალიციის ინფორმაციით, სიხარულიძე კონკრეტულ სქემაზე საუბრობდა, თუ როგორ არის ჩართული სამხედრო კომისარიატი საარჩევნო საკითხებში და როგორ ხდება საქართველოში წვევამდელების გაწვევა პოლიტიკური ნიშნით; რა მეთოდით ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა, როგორ იქმნება „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში თითოეული სოფლის „პასპორტი“ და რა თანხებით ფინანსდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები და აქტივისტები.

„სიხარულიძემ განცხადება თავისი გადაწყვეტილების შესახებ კოალიციაში წერილობითაც წარმოადგინა, რომელიც მედიითაც გავრცელდა და პრესკონფერენციაც დაინიშნა. იგი ტელეფონით ესაუბრა ჩოხატაურის რაიონის გამგებელ ლელა იმედაშვილს და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. რამდენიმე საათი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი ოჯახის წევრებზე ჩოხატაურში გახორციელებულიყო იმდენად დიდი წნეხი, რომ სიხარულიძემ ღამით პრესკონფერენციაზე უარი თქვა“ - აცახდებენ კოალიციაში.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში არსებული ვითარების ფონზე, მმართველ პარტიას ისევ ყოფნის თავხედობა, რომ დააშინოს, დააშანტაჟოს და ღირსება დააკარგვინოს საჯარო მოხელეებს, რომლებიც პრაქტიკულად, ამ სისტემის ნაწილად იქცნენ და ოჯახის წევრების დაუცველობის მოტივით, გამბედაობა არ ყოფნით საარჩევნო შტაბებში არსებულ ვითარებაზე ღიად ისაუბრონ.

ბეჭდვა