პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები დღეს თბილისში სამ ადგილზე იგეგმება - ფილარმონიასთან, თსუ-ს
პირველ კორპუსთან და მოდულის შენობასთან.
სტუდენტების აქცია 15:00 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან განახლდება. პარალელურად, სტუდენტების მეორე ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ე.წ მოდულის შენობასთან შეიკრიბებიან, ხოლო 17:00 საათზე უფლებადამცველი დაჩი ცაგურიას ორგანიზებით, აქცია ფილარმონიასთან განახლდება, სადაც სამომავლო გეგმებიც დაისახება.
ამასთან, უნივერსიტეტთან დაგეგმილ აქციას კოალიცია „ქართული ოცნების“ ისნის და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ნუკრი ქანთარია და ზურაბ აბაშიძე შეუერთდებიან.
აქციების მონაწილეები მოითხოვენ წამებაში მონაწილე პირების დასჯას და შს მინისტრის ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გადადგომას.
მეორე დღეა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სამოქალაქო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
აქციები 18 სექტემბერს საღამოს თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანიების „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერით გავრცელდა გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.
გუშინ საპროტესტო აქციები დედაქალაქში ფილარმონიასთან, ე.წ. მოდულის შენობასთან, პრეზიდენტის სასახლესთან, მთავრობის კანცელარიასთან, თსუ-ს პირველ კორპუსთან და გლდანის მე-8 დაწესებულებასთან გაიმართა.
ციხეებში ძალადობის ფაქტების გამო პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტის ხათუნა კალმახელიძის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
ამასთან, გუშინ დააკავეს სასჯელაღსრულების სისტემის 10 წარმომადგენელი, რომლებსაც მომხდართან აქვთ კავშირი. პრეზიდენტის დავალებით ციხეებში დროებითი ზომების ფარგლებში პატრულის ჯგუფები შეიყვანეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ახალი ხელძღვანელობა ჰყავს, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს.
ამასთან, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების სისტემის მთლიანად ახლებურად ჩამოყალიბება და რეფორმირება დაავალა.
