აშშ-ს კონგრესის ჰელსინკის კომისია დღეს ვაშინგტონში საქართველოს საკითხს განიხილავს. საკომისიო მოსმენის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა.
კომისია მოსმენას თემაზე - „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები - რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იყო საარჩევნო კამპანია და როგორი უნდა იყოს აშშ-ს მთავრობის პასუხი“ გამართავს.
როგორც საკომისიო მოსმენის ანონსშია აღნიშნული, მოსმენაზე ყურადღება გამახვილდება წინასაარჩევნო კამპანიისას რამდენად სამართლიანი გარემო იყო შექმნილი, საარჩევნოდ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე და აშშ-ს საპასუხო პოლიტიკაზე და სხვა საკითხებზე.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია, რომელიც წინასაარჩევნო ვითარების შესასწავლად 9 სექტემბერს საქართველოში ჩამოსულ უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, მოსმენაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის აკადემიური ხელმძღვანელი არჩილ გეგეშიძე და შავი და კასპიის ზღვის აუზების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა წერეთელი.
