„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კარბელაშვილი აცხადებს,
რომ გლდანის #8 საპყრობილეში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი აუცილებლად სათანადოდ უნდა დაისაჯოს - ამის შესახებ განცხადება კარბელაშვილმა facebook-ზე, საკუთარ გვერდზე გააკეთა.
„მე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, აღშფოთებული ვარ გლდანის ციხეში მომხდარი ფაქტით, ასე არ იქცევიან ადამიანები, ასე არ ექცევიან ადამიანებს, სახელმწიფო, რომელიც აშენებს დემოკრატიულ, ცივილიზებულ საზოგადოებას, ვერ შეურიგდება მსგავს ველურობას. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები უნდა მოიკვეთონ, ეს არ არის საორგანიზაციო და მორალური არჩევანის საკითხი, ეს ხელისუფლების ღირსების საკითხია და ამ შემთხვევაში, ხელისუფლება უნდა იყოს კატეგორიული და მკაცრი, ახლა აუცილებელია დაისაჯოს ყველა ამ სამარცხვინო საქციელის მონაწილე“ - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი.
ამასთან, კარბელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს და მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნული საქმესთან დაკავშირებით დახმარებისთვის.
„მზად ვარ ის პერიოდი, სანამ არ დასრულდება საქმის საბოოლო გარჩევა, გავატარო ციხეში პატიმრებთან ერთად. ხვალინდელი დღიდან ჩემს საარჩევნო უბნებში ამოქმედდება სატელეფონო ცხელი ხაზი, კვალიფიციური იურისტები მიიღებენ მოქალაქეების საჩივრებს მომხდართან დაკავშირებით, რათა მოვახდინოთ რეაგირება ციხეში ძალადობისა და პატიმრების უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტზე“-აცხადებს კარბელაშვილი.
