საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დააკმაყოფილა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ამის შესახებ განცხადება პრემიერის ადმინისტრაციამ დღეს საღამოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გევრდზე გაავრცელა.
ხათუნა კალმახელიძისა და შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სტუდენტები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გუშინ საღამოს შემდეგ ამ დრომდე აქციებს მართავენ.
კალმახელიძემ პრემიერს გადადგომის მოთხოვნით დღეს დილით მიმართა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გავრცელდა ვიდეომასალა გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრების წამების, ცემის და სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ.
პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განაცხადებით, ყველა ვინც ამ საქმეში ჩარეული იყო, დაპატიმრებულია ან ძებნაშია.
მერაბიშვილის თქმით, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება დანაშაულის შემსრულებელი, დამკვეთიც და ორგანიზატორიც.
„მე პირადად ვუზრუნველვყოფ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში აღმოიფხვრას ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი სხვა ქმედებები. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ” - აღნიშნავს მერაბიშვილი.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია სასჯელაღსრულების სისტემის 10 თანამშრომელი. მათი ნაწილი პროკურატურაში დაიკითხა, ნაწილის დაკითხვა კი - გრძელდება.
