„ქართული ოცნება“ საზოგადოებას მოუწოდებს სიმშვიდე შეინაჩუნოს და ხელისუფლებას ვერდიქტი არჩევნებზე გამოუტანოს
„ქართული ოცნება“ საზოგადოებას მოუწოდებს სიმშვიდე შეინაჩუნოს და ხელისუფლებას ვერდიქტი არჩევნებზე გამოუტანოს
19:33 19.09.2012
კოალიცია „ ქართული ოცნება“ პატიმართა წამების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს,  რომ საზოგადოებამ არსებულ ხელისუფლებას მომხდარის გამო, ვერდიქტი 1 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გამოუტანოს.

„ყველამ ვნახეთ ჩვენი თანამოქალაქეების წამებისა და შეურაცხყოფის თავზარდამცემი კადრები. ჩვენ ყველა კიდევ ერთხელ ვართ ღირსებაშელახული მოძალადე ხელისუფლებისგან. ამ შემზარავი დანაშაულის ჩამდენი არის არა რომელიმე მეციხოვნე ან თუნდაც მინისტრი, არამედ სააკაშვილის მიერ შექმნილი მანკიერი რეჟიმი. ამიტომ ჩვენ არ და ვერ შემოვიფარგლებით ცალკეული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებით ან დასჯით. ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გამოუტანოს ვერდიქტი არსებულ რეჟიმს და ეს უმსგავსობა, ეს ეროვნული სირცხვილი უნდა დამთავრდეს“ - აცხადებენ კოალიციაში.

ამასთან, „ქართული ოცნება“ თანაგრძნობას უცხადებს პატიმართა ახლობლებს და მოსახლეობას ჰპირდება, რომ მოძალადეები სათანადოდ დაისჯებიან.

„დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი ძალზე მძიმე გადასატანია იმ ათიათასობით სამართალდამცველის, პოლიციელის თუ ჯარისკაცისთვის, რომლებსაც არასოდეს უკადრიათ მსგავს სიბინძურეში მონაწილეობა, მაგრამ რომლებზეც ახლა საზოგადოების მხრიდან ეჭვის თვალია მიპყრობილი - იქნებ ისიც მონაწილეობდა, იქნება ისიც ესწრებოდა, იქნებ ის უფრო მეტს მალავს?“ - აცხადებს კოალიცია და მიმართავს ყველა სამართალდამცველს და საჯარო მოხელეს, რომელთა სინდისიც სუფთაა, რომ მათი რეპუტაცია დაცული იქნება და სხვის ნაცვლად პასუხისგება არ მოუწევთ.

„მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ არც დღეს და არც ხვალ არ მიიღოთ მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში, თავად აჩვენოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითები. ამის შანსი თქვენ ქართველ ხალხთან ერთად გეძლევათ 1 ოქტომბერს“ - ნათქვამია განცხადებაში.




ბეჭდვა