პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საქართველოში დემოკრატიული ფასადის მიღმა დამნაშავე და
მახინჯი რეჟიმის არსებობას - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ის, რაც საზოგადოებამ პატიმართა წამების ამსახველ კადრებში იხილა, ნათლად აჩვენებს რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე.
„საქართველოში ყველა სინდისიანი მოქალაქე თავს პატიმრად და ისეთ უუფლებოდ გრძნობს, როგორი უუფლებოებიც ის მოქალაქეები არიან, რომლებიც სასჯელს იხდიან“ - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ძალიან მძიმე დანაშაულის ჩამდენსაც კი, ელემენტარული უფლებები აქვს.
მისივე თქმით, აღნიშნული კადრებით საქართველოში დემოკრატიის შუქურა უხეშად გაითელა.
ბურჯანაძის თქმით, მით უფრო უმძიმესია ვითარება იმ ფონზე, როდესაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი იხდის სასჯელს.
„ყველას კარგად გვახსოვს, რომ იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც გუშინდელ კადრებში აჩვენეს, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ. 26 მაისს დაპატიმრებული ადამიანების მიმართ სათანადო სოლიდარობა არ გამოიჩინეს“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ წლების განმავლობაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებაზე ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა.
ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ სრულიად საქართველო იმ ადამიანების მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა, აბსოლუტურად სოლიდარული იქნება.
„სოლიდარულები ვიქნებით იმ მოთხოვნაში, რომ დაისაჯონ არამხოლოდ ამ ქმედების აღმსრულებლები, არამედ ისინი, ვინც საქართველოში ეს მახინჯი სისტემა ჩამოაყალიბა“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს გაახელს და თავის სახელს დაარქმევს იმას, რაც საქართველოში ხდება.
