„ნაცმოძრაობა“ ახალ პარლამენტში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების კომისიის შექმნას აპირებს
„ნაცმოძრაობა“ ახალ პარლამენტში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების კომისიის შექმნას აპირებს
14:56 19.09.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ინიციატივა საპარლამენტო კომისიის შექმნა იქნება,  რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებაზე იმუშავებს.

„გუშინდელი დღე უნდა გახდეს შემობრუნების დღე სასჯელაღსრულების სისტემის მუშაობაში. ამ სისტემას ფუნდამენტური და საფუძვლიანი რეფორმა სჭირდება“ - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, რეფორმამ უნდა უზრუნველყოს სისტემის გამჭვირვალეობა და ისეთი ტიპის დანაშაულის გამორიცხვა, რაც გამოვლინდა.

ამასთანავე, პარლამენტის სპიკერი, აცახდებს, რომ პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით უმკაცრესად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ როგორც შემსრულებლები, ისე ის პასუხისმგებელი პირები, რომელთა „უმოქმედობამ ან ქმედებამ ასეთი დანაშაულის არსებობა დაუშვა“.

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ის უკიდურესად შეძრწუნებული, შოკირებული და აღშფოთებულია.

მისი თქმით, ხელისუფლება 8 წლის განმავლობაში აშენებდა წამებისა და ძალადობისგან თავისუფალ ქვეყანას, ამიტომ „უფლებას არ მისცემენ ცალკეულ უწყებებში მოკალათებულ დამნაშავეებს ეჭვის და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ის, რასაც საზოგადოებამ შრომით, ოფლით და სისხლით მიაღწია“.



ბეჭდვა