ხიდაშელი გლდანის მე-8 საპყრობილეში მიმდინარე მოვლენებთან თამაზ თამაზაშვილის კავშირს ზღაპარს უწოდებს
ხიდაშელი გლდანის მე-8 საპყრობილეში მიმდინარე მოვლენებთან თამაზ თამაზაშვილის კავშირს ზღაპარს უწოდებს
14:27 19.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი გლდანის მე-8 საპყრობილეში მიმდინარე მოვლენებთან თამაზ თამაზაშვილის კავშირს ზღაპარს უწოდებს.

როგორც თინა ხიდაშელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, აბსურდზე კომენტარს არ აკეთებს.

„სასაცილო, სამარცხვინო, აბსურდულ თემებზე, ზღაპრებზე, სიზმრებზე კომენტარებს არ ვაკეთებ იმიტომ, რომ ამ დღეებში საქართველოში ძალიან სერიოზული რამ გაირკვა და საჯარო გახდა“ - განაცხადა ხიდაშელმა.

გლდანის მე-8 საპყრობილის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ პატიმრის ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შსს-ს მტკიცებით, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს. თამაზაშვილი წინა ხელისუფლების დროს შსს-ს მაღალჩინოსანი იყო. მისი სიძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია, ხოლო შვილი კოალიციამ მაჟორიტარად წარადგინა.

ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრის წამების ამსახველი კადრები მოგვიანებით ტელეკომპანია „მაესტომ“ და „მე-9 არხმაც“ გაავრცელა. „მე-9 არხს“ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომლემა ვლადიმერ ბედუკაძემ მიაწოდა.

ამის გამო საპროტესტო აქციები სასჯელაღსრულების და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გვიან ღამით გლდანის მე-8 საპყრობილესთან, ასევე თბილისის ფილარმონიასთან გაიმართა. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს დღეს თბილისსა და ბათუმშიც.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გადადგომის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა. თანამდებობიდან გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუაც.

ბეჭდვა