თინა ხიდაშელი პატიმართა წამების ამსახველ კადრებს ბაჩო ახალაიას შემოქმედებად აფასებს
თინა ხიდაშელი პატიმართა წამების ამსახველ კადრებს ბაჩო ახალაიას შემოქმედებად აფასებს
14:06 19.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველ კადრებს შს მინისტრის ბაჩო ახალაიას შემოქმედებად აფასებს.

როგორც თინა ხიდაშელმა „ქართული ოცნებისა“ და დიპკორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებული კადრების გამო შოკირებული არაა, რადგან მსგავსი ფაქტი პირველად არ მომხდარა.

მისი თქმით, კადრებით შოკირებულია მხოლოდ ის, ვისთვისაც აღნიშნული ფაქტი სიახლეს წარმოადგენდა, თუმცა, ნანახს განსხვავებული ეფექტი აქვს და მისი ყურება ყოველთვის ძალიან მძიმეა.

„იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც პატიმრებს სცემენ და აწამებენ დიდი ხანია ცნობილია. ამაში სიახლე არაფერია. მთავარი, რითც საზოგადოება უნდა დაინტერესდეს ისაა თუ რა ხდება საპატიმროებში სხვა დღეებში. ყოველი დღე, ყოველი დილა და დერეფანი კამერის მეთვალყურეობის ქვეშაა“ - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, ეს ერთი გამონაკლისი შემთხვევა იყო თუ ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომლითაც პატიმრებს ხვდებიან.

„არაადეკვატურობის ისეთი ხარისხი ჯერ არ მინახავს, როგორიც იმ ადამიანებმა გამოავლინეს, ვინც გუშინ ხათუნა კალმახელიძის გადადგომას ისტერიულად ითხოვდა. კალმახელიძე კი არ უნდა გადადგეს, არამედ ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. პირველ რიგში კი, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავარ პროკურორს ეკისრება“ - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და ვინმეს გადადგომაზე კი არ უნდა ისაუბროს, არამედ პასუხი ყველამ უნდა აგოს.

„ამ სიის სათავეში შს მინისტრი ბაჩო ახალაია უნდა ჩადგეს, რომელმაც ქართულ ციხეებში მსგავსი არაადამიანური მოპყრობა დაამკვიდრა. ამ ფორმით ადამიანების წამება ციხეებში მისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსობის დროს დაიწყო“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ის, რაც საზოგადოებამ ტელეეკრანებით იხილა, ბაჩო ახალაიას შემოქმედებაა.

გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ამსახველი ვიდეოკადრები გუშინ შსს-მ გაავრცელა. ამასთან, პატიმართა წამების ამსახველი ფაქტები ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერშიც გავრცელდა.



ბეჭდვა