ჯონ ბასი განმუხურთან მომხდარ ინციდენტს შემაშფოთებელს უწოდებს
ჯონ ბასი განმუხურთან მომხდარ ინციდენტს შემაშფოთებელს უწოდებს
17:49 04.03.2012
ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი სოფელ განმუხურთან, ქართული საგუშაგოსთვის ცეცხლის გახსნის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს.
"ქართული პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას გავეცანი. ეს ნამდვილად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციულ საზღვარზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლენა ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ველოდებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ინფორმაციას, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ის, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია თავშეკავება და არა ძალადობრივი ქმედებების გამოვლენა," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯონ ბასმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს გამთენიისას, 03:20 საათზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით, სოფელ განმუხურთან ცეცხლი გახსნა. თავდასხმის დროს გამოყენებული იყო ავტომატური იარაღი და "რპგ 7"-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლამ დაახლოებით ათი წუთი გასტანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბეჭდვა