„ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ პატიმართა ცემასა და შეურაცხყოფაში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს
„ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ პატიმართა ცემასა და შეურაცხყოფაში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს
12:30 19.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ პატიმართა ცემისა და შეურაცხმყოფელ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს  და აღნიშნულ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კადრებში დაფიქსირებული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

გლდანის მე-8 საპყრობილის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ პატიმრის ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შსს-ს მტკიცებით, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს. თამაზაშვილი წინა ხელისუფლების დროს შსს-ს მაღალჩინოსანი იყო. მისი სიძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია, ხოლო შვილი კოალიციამ მაჟორიტარად წარადგინა.

ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრის წამების ამსახველი კადრები მოგვიანებით ტელეკომპანია „მაესტომაც“ გაავრცელა.

მსგავსი შემზარავი კადრები „მე-9 არხის“ ეთერშიც გავიდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ვიდეო მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის მიერაა ბრიუსელიდან მიწოდებული.

ყოველივე ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. საპროტესტო აქციები სასჯელაღსრულების და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გვიან ღამით გლდანის მე-8 საპყრობილესთან, ასევე თბილისის ფილარმონიასთან გაიმართა. პატიმრების წამება საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს.

ბეჭდვა