„ქართული ოცნების“ ლიდერები დიპკორპუსის წამრომადგენლებს ხვდებიან
„ქართული ოცნების“ ლიდერები დიპკორპუსის წამრომადგენლებს ხვდებიან
12:27 19.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას „ქართული ოცნების“ ლიდერები დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი, ასევე, პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ესწრებიან.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. შეხვედრის სპიკერი დავით უსუფაშვილია. ის დიპკორპუსის წარმომადგენლებს საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პროგრამასა და მათ ხედვებს აცნობს.

უსუფაშვილი შეხვედრაზე გლდანის მე-8 საპყრობილეში მომხდარი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებაც საუბრობს. როგორც უსუფაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, საზოგადოება გავრცელებული კადრებით შოკირებულია.

„საზოგადოება გუშინ გავრცელებულმა კადრებმა შოკში ჩააგდო. სამწუხაროდ, აღნიშნული მასალა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ვიდეო გადაითარგმნება და დიპკორპუსის წამრომადგენლებს მისი გაცნობის საშუალება მიეცემა.

ბეჭდვა