პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები, რამდენიმე სატელევიზიო არხით გუშინ გავრცელებული პატიმართა წამების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს,
რომ კადრები, რომელებიც ტელეკომპანიების მიერ გავრცელდა, არის ლოგიკური შედეგი იმ უმძიმესი ვითარებისა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში შეიქმნა.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ახალი მემარჯვენეები მოითხოვენ დაკმაყოფილდეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და დადგეს მისი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი.
„მოვითხოვთ, დაიწყოს ყველა იმ თანამდებობის პირის თუ რიგითი თანამშრომლის სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც მონაწილეობდნენ პატიმრების მიმართ იმ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ეგიდით დაიწყოს ამ და ზოგადად საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამების ფაქტების საერთაშორისო გამოძიება და სასწრაფოდ მოხდეს მთლიანად პენიტენციალური სისტემის სრული საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაცია. ეს სისტემა დასაშლელია და შესაქმნელია ახალი სისტემა კონტროლის ქმედითი მექანიზმებით, რომელიც მსგავს ფაქტებს გამორიცხავს და უზრუნველყოფს პატიმართა უფლებების დაცვას საქართველოს ციხეებში“ - აცხადებენ „ახალი მემარჯვენეები.
გლდანის მე-8 საპყრობილის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ პატიმრის ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შსს-ს მტკიცებით, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს. თამაზაშვილი წინა ხელისუფლების დროს შსს-ს მაღალჩინოსანი იყო. მისი სიძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია, ხოლო შვილი კოალიციამ მაჟორიტარად წარადგინა.
ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრის წამების ამსახველი კადრები მოგვიანებით ტელეკომპანია „მაესტომ“ და „მე-9 არხმაც“ გაავრცელა. „მე-9 არხს“ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომლემა ვლადიმერ ბედუკაძემ მიაწოდა.
ამის გამო საპროტესტო აქციები სასჯელაღსრულების და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გვიან ღამით გლდანის მე-8 საპყრობილესთან, ასევე თბილისის ფილარმონიასთან გაიმართა. პატიმრების წამება საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს. საპროტესტო აქციები დღეს თბილისსა და რეგიონებში ისევ განახლდება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გადადგომის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა. თანამდებობიდან გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუაც.
