პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს,
რომ სასჯელაღსულების მინისტრს უნდა გაეთავისუფლებინა სისტემა პატიმრების წამების ფაქტებისაგან, თუმცა, მან ეს ვერ შესძლო.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაში გამოხატება, რომ პოლიტიკურ პირს - მინისტრს უნდა მოეხერხებინა სისტემის ასეთი პიროვნებებისგან და ფაქტებისგან გათავისუფლება, მან ეს ვერ შესძლო და იღებს პასუხისმგებლობას“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც პატიმრების წინააღმდეგ ის დანაშაული ჩაიდინა, რაც ვიდეომასალაშია ასახული.
„არის კონკრეტული ძალიან მძიმე დანაშაულის ფაქტები, რომელიც ითხოვს გამოძიებას. ყველა დეტალი გასარკვევი და გამოსაძიებელია შემკვეთებიც და შემსრულებლებიც“ - აღნიშნა დეპუტატმა.
