სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამებული პატიმრების მხადრასაჭერი საპროტესტო აქცია დღეს ფილარმონიასთან განახლდება.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,
უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, აქცია „ფეისბუქის“ საშუალებით დაიგეგმა.
მისი თქმით, საპროტესტო აქცია 12:00 საათისთვის დაიწყება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შორენა შავერდაშვილი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, ისინი სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის და შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომას მოითხოვენ.
„აქციის დეტალებისა და მოთხოვნების ჩამოსაყალიბებლად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც მოთხოვნა და ულტიმატუმი მკაფიოდ ჩამოყალიბდება“ - განაცხადა შავერდაშვილმა.
მისივე თქმით, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან წამებული პატიმრების მხარდასაჭერად სტუდენტები აქციის გამართვას გეგმავენ.
საპროტესტო აქციები წუხელ გლდანის მე-8 საპყრობილესა და ფილარმონიასთან გაიმართა. აქციები ჩატარდა ასევე, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და სხვა ქალაქებში.
საზოგადოების პროტესტი ტელეკომპანია „მაესტროსა“ და მე-9 არხის“ ეთერში გასულმა პატიმართა წამებისა და გაუპატიურების შესახებ გარცელებულმა კადრებმა გამოიწვია.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. თანამდებობიდან გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა.
