ივანიშვილი - არჩევნებიდან პირველივე წელს საქართველოში ემიგრანტების დაბრუნება დაიწყება
ივანიშვილი - არჩევნებიდან პირველივე წელს საქართველოში ემიგრანტების დაბრუნება დაიწყება
19:36 18.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ, პირველივე წელს საქართველოში  ქართველ ემიგრანტთა დაბრუნების პროცესი დაიწყება.

ამის შესახებ ივანიშვილმა „დედა ენის“ პარკში ემიგრანტების აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ემიგრანტების დაბრუნება ქართველთა ღირსების დაბრუნების ერთ-ერთი ნაწილი იქნება.

„სამ-ოთხ წელიწადში არცერთი ემიგრანტი, ვისაც მოუწევს უცხოეთში ყოფნა, გარდა იმ ხალხისა, ვინც მეცნიერულ ან სხვა სახის საქმიანობას ეწევა საზღვარგარეთ არ დარჩება“- განაცხადა ივანიშვილმა.

მან აქციაზე შეკრებილებს მოუწოდა - არ შეშინდნენ და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ არჩევნებში კოალიცია გაიმარჯვებს.

„მაგარი სისტემა გვაქვს აწყობილი, ჩვენ ხმებს დავიცავთ და ამათ მამაძაღლობა არ გაუვათ, არ შეგეშინდეთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის ემიგრანტების განწყობა და არჩევნების ორშაბთ დღეს დანიშვნა სწორედ იმას ისახავდა მიზნად, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ივანიშვილმა შეკრებილებს 29 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ აქციასა და 1 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დედა ენის“ ძეგლთან ემიგრანტების აქცია დასრულდა. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში გუშინ ჩამოსულ ქართველ ემიგრანტთა ჯგუფი მონაწილეობდა.

ბეჭდვა