დავით ბეგიაშვილი - ყველა ბიზნესმენს არაოფიციალურად „ნაციონალების“ ყულაბაში წილის შეტანას ავალდებულებენ
დავით ბეგიაშვილი - ყველა ბიზნესმენს არაოფიციალურად „ნაციონალების“ ყულაბაში წილის შეტანას ავალდებულებენ
19:32 18.09.2012
ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი იმ ბიზნესმენების სიას აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებამ გააკოტრა და დაიჭირა.

სიაში, რომელიც ბეგიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ერთვის თან, 147 ბიზნესმენი მოხვდა, მათ შორის არიან ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი, ასევე ზვიად ხარებავა, გოჩა ძასოხოვი, და ქიბარ ხალვაში.

წერილში ბეგიაშვილი ხელისუფლების მიერ ბიზნესმენების მიმართ განხორციელებულ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. კომპანია „ვაკე-5“-ის და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი, საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფის „ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისთვის" კოორდინატორი და ამჟამად, უცხოეთში მყოფი ბეგიაშვილი აცხადებს, რომ ყველა სახის მომგებიან ბიზნესს ხელისუფლება ლობირებს და მხოლოდ იმ ბიზნესმენებს აძლევს გასაქანს, რომლებიც ხელისუფლების პოზიციებს იზიარებენ, ან ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ნათესავები და ახლობლები არიან.

„ბიზნესმენებს შეთითხნილი ან უმნიშვნელო მიზეზით აპატიმრებენ, მრავალწლიან სასჯელს უსჯიან, ხოლო შემდეგ საპროცესო გარიგებას უფორმებენ და ციხიდან გამოშვების ან მრავალწლიანი სასჯელის ცოტათი შემცირების სანაცვლოდ ბიზნესსაც ართმევენ და ფულსაც ახდევინებენ. ვერცერთი ბიზნესმენი, რომელმაც უარი თქვა დღევანდელი „ხელისუფლების“ და მათი პროექტების ნებაყოფლობით დაფინანსებაზე, ვერ გადაურჩა ,,ნაციონალური“ რეჟიმის მსახვრალ კლანჭებს“-აღნიშნულია წერილში.

ბეგიაშვილი აცხადებს, რომ ყველა ბიზნესმენს არაოფიციალურად ავალდებულებენ, წილი შეიტანოს „ნაციონალების“ ყულაბაში. მისივე თქმით, ხელისუფლება მათ ზუსტად იმდენს უტოვებს საკუთარი ნაშრომიდან, რომ „შიმშილით სული არ ამოსძვრეთ“, დანარჩენი თავისკენ მიაქვს.

ამასთან, როგორც წერილშია აღნიშნული, დაპატიმრებული ბიზნესმენების განაჩენების ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ რეალურად დანაშაული ან არ ჩაუდენიათ, ან საჯელი მეტად არაადეკვატურია.

დავით ბეგიაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანია „ალბატროსთან“ აქცია რამდენიმე დღის წინ უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ გამართა. როგორც ცაგურია აცხადებდა, 1 წლის წინ, ხელისუფლებამ ბეგიაშვილი უკანონოდ დააკავა, თავისუფლების სანაცვლოდ კი, მის მფლობელობაში მყოფი კომპანიის დათმობას აიძულებდა, რაზეც ბიზნესმენმა უარი განაცხადა.

„სწორედ ეს უარი გახდა მისთვის ქონების ჩამორთმევის და განიავების საფუძველი“-განაცხადა ცაგურიამ და დასძინა, რომ ბიზნესმენი, რომელიც იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო, ამჟამად თავს შვეიცარიას აფარებს.

ცაგურიას ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომპანია „ალბატროსის“ მაღაზია ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ბიზნესმენის პირად ქონებას კი, ყადაღა ადევს.

ბეჭდვა