ივანიშვილი - იმისთვის რომ თამაზაშვილს არაფერი ავნონ, მსოფლიო საზოგადოებას ფეხზე დავაყენებ
ივანიშვილი - იმისთვის რომ თამაზაშვილს არაფერი ავნონ, მსოფლიო საზოგადოებას ფეხზე დავაყენებ
19:28 18.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თამაზ თამაზაშვილი წესიერი პიროვნებაა და იმისთვის, რომ საქართველოს  ხელისუფლებამ მას არაფერი ავნოს, მსოფლიო საზოგადოებას ფეხზე დააყენებს.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს „დედა ენის“ პარკში ქართველი ემიგრანტების აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თამაზაშვილი პოლიტიკაში მისი მოსვლის შემდეგ, პირველი მსხვერპლია.

„მას ავანტიურას უწყობენ. მე ფეხზე დავაყენებ მსოფლო საზოგადოებას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას არაფერი ავნონ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დღეს გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დადგინდა, რომ ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.

„მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს“ - ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა