საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარების შემთხვევაში, მას კოალიცია „ქართული ოცნებაც“ სცნობს.
ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თიანეთში ყოფნისას, ამერიკელი კონგრესმენების ღია წერილის კომენტირებისას განაცხადა.
„თუ საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩათვალოს, ჩვენც შევძლებთ და ვცნობთ მას. ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ არანაირი გაუგებრობა არ მოხდება, ჩვენ აბსოლუტურად ერთნაირი ხედვა გვაქვს და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთანავე, ივანიშვილის თქმით, მას ესმის, რომ არჩევნები „მთლად სამართლიანი ვერ იქნება“.
„ძალიან დიდი ყურადღებაა მიპყრობილი ამ არჩევნებისადმი და ყველა ელოდება, რომ ის იქნება სამართლიანი არჩევნების მსგავსი და არ დაემსგავსება იმას, რაც წინა წლებში იყო“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოსადმი მხარდამჭერი ღია წერილი გამოაქვეყნეს და მოუწოდეს პოლიტიკოსებს, პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და უთანხმოება გვერდზე გადადონ.
