პრემიერმა რაჭაში ხილის საშრობი საწარმო დაათვალიერა
პრემიერმა რაჭაში ხილის საშრობი საწარმო დაათვალიერა
17:08 18.09.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, ამბროლაურში ხილის საშრობი საწარმო „Geo Flower“-ი დაათვალიერა.

როგორც მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პრემიერმა ქარხნის მუშაობის სპეციფიკისა და პროდუქციის გასაღების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა რაჭა ამ კონკრეტული საწარმოს ასამოქმედებლად და შესაძლებელია თუ არა საქართველოს სხვა რეგიონებში მსგავსი პროექტის განხორციელება.

მერაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით - საწარმომ გერმანელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში, კვლევა ჩაატაროს და დაადგინოს, რა პროდუქცია იქნება მათთვის და მსოფლიო ბაზრისთვის საინტერესო და მიმზიდველი, მომავალში მსგავსი საწარმოს გასახსნელად.

ქარხნის წარმომადგენლების თქმით, საწარმო „Geo Flower" 2011 წელს გაიხსნა. ამჟამად, საწარმოში ველური ვაშლის ჩირს ამზადებენ, რომელიც 100%-ით გერმანიაში გადის ექსპორტზე.

ამბროლაურის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი ონში გზების სარეაბილიტაციო სამუშოებს გაეცნო. ონში, ამჟამად, 5 ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მენეჯერმა პრემიერ-მინისტრს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროექტი გზის საფარის დაგებასთან ერთად, ტროტუარებისა და გაზონების მოწყობასაც ითვალისწინებს.

ბეჭდვა