პარტია „ახალი მემარჯვენეების“ სააგიტაციო ავტობუსი იმერეთში „მშვიდობის მარშს“ განაგრძობს. როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, პარტიის
თავმჯდომარე დავით გამყრელიძე დღეს პარტიის ლიდერებთან ერთად, ზესტაფონის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. პირველი შეხვედრა კი, სოფელ შორაპანში გაიმართა.
პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას პროგრამა „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ გააცნეს.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანასება გაიზრდება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი 120 მილიონის ნაცვლად, სოფლისთვის 600 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხის ჩადება თითოეული ოჯახისთვის შემოსავლის გაზრდას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
„მემარჯვენეების“ სააგიტაციო ავტობუსი დღესვე ზესტაფონში შევიდა, სადაც პარტიის ლიდერები ადგილობრივებს პარტიის პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ.
„იმერეთი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმძიმესი რეგიონია. აქ ძირითადად, ფერო და ტყიბული თუ ქმნის სამუშაო ადგილებს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაუსაქმებელია“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ და დასძინა, რომ სამუშაო ადგილებს კონკრეტული პროგრამები, მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის და არა დასაქმების სამინისტროს შექმნა და ხელისუფლების უამრავი ტყუილი დაპირებები.
