სააკაშვილი - დიდი გეგმების განსახორცილებლად მე და ჩემი გუნდი მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ
სააკაშვილი - დიდი გეგმების განსახორცილებლად მე და ჩემი გუნდი მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ
15:32 18.09.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარების მიმართულებით არსებული გეგმების განსახორციელებლად მისი გუნდი  მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ყულევის ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე აღნიშნა, ლაზიკასა და ანაკლიას მშენებლობა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის სანაპირო ზოლის განვითარების პროცესი გაგრძელდეს.

"უახლოეს დღეებში, ჩვენ ვიწყებთ ლაზიკას მშენებლობას. ის გააძლიერებს ფოთს, რადგან ფოთი ინდუსტრიული ზონა ხდება. აშენდა ანაკლია და ვინც ახლა დაგვცინის, ჩამოვიდეს ერთხელ ექსკურსიაზე და ნახოს როგორ გაკეთდა იგი წელიწადნახევარში. ანაკლიას გაგრძელებაზე დაიწყება პორტ "ლაზიკას" მშენებლობა" - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამის შედეგად, საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის არცერთი კვადრატული მეტრი არ დარჩება აუთვისებელი.

მისი თქმით, ლაზიკასა და ანაკლიის მშენებლობა აფხაზეთის საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილი თანამემამულეებისთვისაც მიმზიდველი იქნება. მისივე თქმით, ყველაფერ ამას, ეკონომიკურის გარდა, საქართველოს დეოკუპაციისთვისაც გადამწყვეტი სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

"ეს ყველაფერი ერთი სისტემის ნაწილია და კარგად ვიცით რას ვაკეთებთ. ეს არ ეკუთვნის არცერთ მთავრობას და ამ ქვეყანაზე მუდმივი არავინ არის. ვინც გადაწყვეტილების მიმღებია, მან უნდა გააგრძელოს ეს საკითხი. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ჩვენმა გუნდმა და მათ შორის მე, გავაგრძელოთ შემდგომი წლების განმავლობაში სტრატეგიული მუშაობა ამ დიდი გეგმების განსახორციელებლად"- განაცხადა სააკაშვილმა.

დასასრულს მან აღნიშნა, რომ როგორი პოლიტიკური ბრძოლა და საარჩევნო კამპანიაც უნდა მიმდინარეობდეს, ყველა უნდა შეთანხმდეს და, რომ ყველაფერი მალე ჩაივლის და აღმშენებლობა გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც მანამდე ხდებოდა.

ბეჭდვა