ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კომიტეტის დებულება დაამტკიცეს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კომიტეტის დებულება დაამტკიცეს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს
16:54 14.12.2020
გაიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა.

სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევნები გაიმართა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კომიტეტის თავჯდომარის წარდგინებით, აირჩიეს ვლადიმერ კახაძე, ხოლო მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით - ზაალ მიქელაძე.

კომიტეტის წევრებმა ასევე დაამტკიცეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულება, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა ახალარჩეული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში.

„განსაკუთრებით დიდია პასუხისმგებლობა ჯანდაცვის კომიტეტისა იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ისე რომ წინა ხაზს ჯანდაცვა, სოციალური თემატიკა წარმოადგენს და ამიტომ კომიტეტის მუშაობა იქნება პირდაპირ შემხებლობაში იმ უპირველეს და უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან, რომელთა წინაშეც დგას საზოგადოება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ბეჭდვა