ქართველი ემიგრანტები დღეს „დედა ენის“ პარკში აქციას გამართავენ
ქართველი ემიგრანტები დღეს „დედა ენის“ პარკში აქციას გამართავენ
13:30 18.09.2012
საქართველოში ჩამოსულმა ქართველმა ემიგრანტებმა დღეს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ იმ 10 ათასობით თანამემულის სია გადასცეს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან  და არჩევნებისთვის რეგისტრაცია ვერ შეძლეს.

როგორც „ნიუსპრესს“ საბერძნეთში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო კოალიცია „ქართველი ემიგრანტები - დემოკრატიული საქართველოსთვის“ ხემძღვანელმა მამუკა ლიპარტელიანმა განუცხადა, საქართველოში ჩამოვიდნენ ემიგრანტთა დელეგაციები 11 ქვეყნიდან. სწორედ მათ ჩამოიტანეს ათობით ათასი ემიგრანტის განცხადება საარჩევნო რეგისტრაციის გავლის მცდელობის შესახებ.

ლიპარტელიანის თქმით, სიების ჩამოტანის მიზანია, აღნიშნული ადამიანების მონაცემებით არჩევნების გაყალბების მცდელობა გაკონტროლდეს.

„ემიგრანტების დემარში აპოლიტიკურია და ველოდით, რომ ხელისუფლება ან რომელიმე პარტია ყურადღებას მოგვაქცევდა, თუმცა, აღნიშნული საკითხით „ქართული ოცნების“ გარდა არავინ დაინტერესებულა. ვენდობით „ქართულ ოცნებას“ და გვჯერა, რომ ემიგრანტების ხმები დაცული იქნება“ - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ემიგრანტთა პირველ ჯგუფს, რომელიც საქართველოში გუშინ სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა, დღეს ათასამდე ემიგრანტი შეუერთდება.

დღესვე, 18:00 საათზე „დედაენის პარკში“ ემიგრანტების აქცია გაიმართება.

ემიგრანტებმა გუშინ დასავლეთ საქართველოში გამართული აქციების ფარგლებში, მოსახლეობას 52 სატელიტური ანტენა გადასცეს. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთში შეიკრიბნენ და საქართველოში ერთად ჩამოვიდნენ.

ბეჭდვა