რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ეთნიკურად ქართველი სკოლის მოსწავლეების გადაადგილების
თავისუფლებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვას.
ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების - წყოუშისა და ფახულანის სკოლების პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.
„მათ განუცხადეს, რომ სწავლის გასაგრძელებლად მიაკითხონ საბერიოს სკოლას, სადაც სწავლების პროცესი მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობს“-ნათქვამია განცხადებაში.
უწყება აცხადებს, რომ ეს ეთნიკურად ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის პირველი შემთხვევა არ არის.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნული ფაქტების შესწავლისა და მათზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
