საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ექსპერტი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ხელისუფლების შემოთავაზებას, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე,
არარეალურს უწოდებს. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ "ნიუსპრესს" განუცხადა.
"მოსკოვში კარგად იციან, რომ, სანამ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმევა საქართველოდან ჯარის გაყვანის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, მანამდე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ორ ქვეყანას შორის არარეალურია. ამას საქართველოს არცერთი ხელისუფლება არ დათმობს,"- განაცხადა აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, თუ რუსეთს სავიზო რეჟიმის გაუქმება უნდა, ამას არანაირი შეთანხმება ქართულ მხარესთან არ სჭირდება.
"როდესაც 2001 წელს რუსეთმა ცალმხრივად შემოიღო საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, მაშინ ჩვენთვის ნებართვა არ უკითხავთ. არც ახლა არ არის ამის გაკეთება საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რუსეთი გააუქმებს სავიზო რეჟიმს, ამას საქართველოშიც და დასავლეთშიც დადებითად შეაფასებენ,"-აღნიშნა აბაშიძემ.
2 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სავიზო რეჟიმის გაუქმება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა.
