პრეზიდენტმა მოსახლეობას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
პრეზიდენტმა მოსახლეობას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
10:15 18.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ მიხეილ სააკაშვილის გვერდზე პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა განთავსდა.

პრეზიდენტი განათლების სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს შეეხო და განაცხადა, რომ მოზარდებს ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, ქალაქსა და სოფელში კარგი განათლების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ. მიღებული განათლება კი, თითოეული მათგანის დასაქმების საფუძველი უნდა გახდეს.

მისი განცხადებით, სწავლის დაწყების პირველი დღე ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ქართული სახელმწიფოსთვის.

„თუკი რაიმე რეფორმით ვამაყობთ დღეს, გარდა ანტიკრიმინალური და ანტიკორუფციული რეფორმებისა, ეს არის განათლების რეფორმა. თუკი რომელიმე სფეროში კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ჩვენ სწორედ ამ გზის დასაწყისში ვიმყოფებით, ეს განათლების რეფორმაა“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე, აღნიშნა, რომ სკოლების რეაბილიტაცია და მათი აღჭურვა უკვე დაწყებულია, თუმცა, გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს, რათა თითოეული სკოლა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ამ მხრივ, პრეზიდენტმა ყურადღება განათლების სისტემის კომპიუტერიზაციაზე გაამახვილა და პედაგოგების გადამზადების საკითხსაც შეეხო.

მიხეილ სააკაშვილმა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ახალი - 8+1 სისტემის შესახებაც ისაუბრა.

მისივე თქმით, აბიტურიენტები გამოცდებს სკოლაში ჩააბარებენ და მათ რეპეტიტორები აღარ დასჭირდებათ.

ახალი სასწავლო წელი საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში 17 სექტემბერს დაიწყო.

ბეჭდვა