ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერ ღია წერილს აქვეყნებენ
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერ ღია წერილს აქვეყნებენ
10:11 18.09.2012
საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ამერიკელი კონგრესმენები საქართველოსადმი მხარდაჭერის შესახებ ღია წერილს აქვეყნებენ.

წერილის თანახმად, მოახლოებული არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ტესტი იქნება.

ამერიკელი კონგრესმენები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და უთანხმოება გვერდზე გადადონ.

„ნებისმიერი მცდელობა არეულობის მოწყობისა ან ელექტორატის წინააღმდეგ მოქმედება, ქართველი ხალხის წინაშე დიდი უსამართლობა იქნება“ - ნათქვამია ღია წერილში, რომელიც კონგრესის გაზეთ „THE HILL”-ში დაიბეჭდა.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველომ და მისმა ლიდერებმა ცალსახა არჩევანი გააკეთეს, რომ ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებსა და იდეებს მხარი დაუჭირონ და პრაქტიკაში გამოსცადონ.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის მცდელობას - დაანგრიოს საქართველოს რთულად მოპოვებული დემოკრატია“ - აღნიშნულია წერილში.

წერილში, ასევე, ხაზგასმულია ქვეყანაში კრიმინალისა და კორუფციის მაჩვენებლების შემცირება და საქართველოს როლი ნატო-სა და სხვა სამშვიდობო ოპერაციებში, მათ შორის, ავღანეთსა და კოსოვოში.

ბეჭდვა