დავით ბაქრაძე ჩინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
დავით ბაქრაძე ჩინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
18:25 17.09.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ჩინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლი ჩჟაოს შეხვდა.

როგორც პარლამენტის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების ასპექტებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში პარლამენტების როლზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან ოცი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მზარდ ეკონომიკურ ურთიერთობას და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩინეთის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერას, ასევე, იმ პატივისცემას შეეხო, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ნორმების თვალსაზრისით ორივე მხარე გამოხატავს.

მანამდე, ჩინეთის პარლამენტის დელეგაციას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი შეხვდა.

დავით ბაქრაძე დღესვე, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობაზე, ასევე, წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

ბეჭდვა