სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს
17:43 17.09.2012
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე თანამდებობიდან გადადგა და მხარდაჭერა საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა.

როგორც „ფეისბუქის“ ბიძინა ივანიშვილის გვერდზეა აღნიშნული, კალანდაძე საკუთარ გადაწყვეტილებას სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის დაკავებისა და სიმართლის მხარეს დგომის სურვილით ხსნის.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, თენგიზ კალანდაძე დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები გააცნო.

„წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი შრომა აღნიშნულ საქმეში ჩამედო. ამ სამსახურში, რა თქმა უნდა, რაღაც გაკეთებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩანს, რომ ყველაფერი ფასადურია. ეს ჭეშმარიტი კონტროლი არ არის იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა დაცული იყოს“ - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, ეროვნული პროდუქტის წარმოებასა და კონტროლს უნდა შევუწყოთ ხელი.

კალანდაძის განცხადებით, სურსათის უვნებლობის საკითხი ევროინტეგრაციის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

კალანდაძე იმედოვნებს, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რეალურ რეფორმებს განახორციელებს და საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდება.

ბეჭდვა