პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბური გაყალბების ნიშნებს ვერ ხედავენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას თქმით, არჩევნების მასობრივი გაყალბება მოსალოდნელი არ არის, ხოლო თუ ეს მართლაც მოხდება, ამომრჩეველი თავად გაერკვევა და სხვადასხვა პარტიების დაძახების გარეშე ქუჩაში გამოვა.
როგორც ნაჭყებიამ აღნიშნა, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ მუდმივი მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდება, მიზანშეწონილი არ არის, რადგან, ამას ამომრჩეველი ნიჰილიზმამდე მიყავს.
მისივე თქმით, საუბარი იყო იმაზეც, რომ საარჩევნო სიაც სიყალბეებს შეიცავს, რაც რეალობას არ შეესაბამება.
„თუ ის გაყალბებულია, ძალიან მარტივად შესაძლებელია ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარი მონაცემები sms-ით რამდენიმე წამში გადაამოწმოს. ასე რომ, თუ სიები არ იქნება ზუსტი, ამას პირველ რიგში იგრძნობს მოსახლეობა და თავად გადაწყვეტს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს“-განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე მტკიცებით, მომავალი პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული და არც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება უმრავლესობაში.
მანანა ნაჭყებია დარწმუნებულია, რომ პარლამენტში პოლიტიკური ძალები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი. მისივე თქმით, ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ მემარჯვენე ძალებთან ერთად პარლამენტში წარმოდგენილი იქნება მემარცხენე პოლიტიკური ძალა - „ლეიბორისტული პარტიაც“.
„მიგვაჩნია, რომ მართლაც არის რეალური შესაძლებლობა, ქვეყანას მრავალპარტიული, დაბალანსებული პარლამენტი ჰყავდეს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი ¾-ით რომელმე პარტია“-განაცხადა ნაჭყებიამ.
