საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს ის 200 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა, რომელიც რეგიონებში უნდა გადანაწილდეს.
როგორც ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობისთვის მომდევნო 4 წელიწადში 200 ტრაქტორს, აგრეგატს და კომბაინს შეიძენს.
მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულების შესრულება პრაქტიკულად, დღეიდან უკვე დაიწყო.
„ამ ტექნიკით ჩვენი სოფლის მეურნეობის სადგურები გამდიდრდება, თუმცა, ამაზე არ გავჩერდებით. ვაპირებთ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რიცხვი ყოველწლიურად გავზარდოთ“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ტექნიკაზე დასაქმებული ახალგაზრდები ახალი თაობის მექანიზატორები არიან, ამიტომ მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სკოლა შეიქმნება.
„ვაპირებთ, შევქმნათ ძალიან კარგი სკოლა, რათა ამ ადამიანებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ და მსოფლიოში არსებული ყველაზე თანამედროვე ტექნიკა აითვისონ“ - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ქართულმა სოფელმა აღნიშნული ტექნიკით მეტი სარგებელი უნდა მიიღოს.
