ჯაბა ჯიშკარიანი „ნაცმოძრაობიდან“ თავისი კონკურენტის მერაბ სამადაშვილის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს
ჯაბა ჯიშკარიანი „ნაცმოძრაობიდან“ თავისი კონკურენტის მერაბ სამადაშვილის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს
14:54 17.09.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ სამადაშვილის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს.

როგორც ჯიშკარიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 16 სექტემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით ნანა ლეჟავას გადაცემა „კვირის რეპორტაჟში“ გასულ სიუჟეტში მერაბ სამადაშვილის კორუფციული და უკანონო ქმედებების შესახებ კონკრეტული მოწმეების კომენტარები იყო მოყვანილი.

მისი თქმით, სიუჟეტის მონაწილეები საუბრობდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლის, დაშინების, მუქარის, მოსყიდვის და სხვა სახის უკანონო ღონისძიებების გატარების მიზნით, სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებაზე.

„აღსანიშნავია, რომ მერაბ სამადაშვილი ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის მოპოვებას 1 ოქტომბრის არჩევნებზე უკვე მე-4 ვადით აპირებს. ეს კი, იმ ფონზე ხდება, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები შევარდნაძის დროინდელ „მუმიებს“ ოპოზიციურ პარტიებში დაეძებენ“ - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურისგან საქმის აღძვრას და სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.
ამასთან, პარტია მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ საარჩევნო პროცესების მონიტორინგზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მიერ ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები შეისწავლონ.


ბეჭდვა