ედპ-ს წარმომადგენლებმა ენგურის ხიდთან აქცია გამართეს
ედპ-ს წარმომადგენლებმა ენგურის ხიდთან აქცია გამართეს
12:56 17.09.2012
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა, პარტიის ლიდერ ბაჩუკი ქარდავას ხელმძღვანელობით, ენგურის ხიდთან აქცია გამართეს.

როგორც „ნიუსპრესს“ ბაჩუკი ქარდავამ განუცხადა, არსებობს ინფორმაცია, რომ სადემარკაციო ზოლს იქით - გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა რუსული სპეცსამსახურებისა და რუსული სამხედროების მხრიდან წნეხის ქვეშაა.

„რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ მოსახლეობამ არა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, არამედ ისეთი, როგორიც შეიძლება საოკუპაციო რეჟიმებს აწყობდეს. დღევანდელი აქციით ჩვენს ქართველებს დავანახეთ, რომ ისინი მარტო არ არიან“ - განაცხადა ქარდავამ.

მისი თქმით, მოსახლეობა რუსული საოკუპაციო ძალების სურვილებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილოს და არჩევანი საკუთარი ნების მიხედვით უნდა გააკეთოს.

„მათ არჩევნების დღეს შეუძლიათ ზუგდიდში გადმოვიდნენ და საქართველოს სასარგებლოდ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. საოცრებაა, როცა უცხო ქვეყნის, მითუმეტეს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს საოკუპაციო ძალები ჩვენს მოქალაქეებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ და დასძინა, რომ საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობას მიანიშნებს, რომ არჩევნებზე მხარი პრორუსულ პოლიტიკურ ორგანიზაციას დაუჭირონ.

ბაჩუკი ქარდავა აღნიშნული პრორუსული ორგანიზაციის დასახელებისგან თავს იკავებს.

ედპ-ს წარმომადგენლებმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიმართეს, რათა აღნიშნულ ფაქტს ყურადღება მიაქციონ.


ბეჭდვა