გორის რაიონის სოფელ დიცში „ქართული ოცნების“ წევრს ერასტი არჩვაძეს თავს დაესხნენ
გორის რაიონის სოფელ დიცში „ქართული ოცნების“ წევრს ერასტი არჩვაძეს თავს დაესხნენ
12:33 17.09.2012
„ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის მხარდამჭერთა მიმართ განხორციელებული ის ქმედებები  დაასახელა, რომლებზეც რეაგირების მოთხოვნით, უწყებათაშორის კომისიას მიმართეს.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს მირზა ხაბარელს, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ბრეთში ცხოვრობს და შოთა ხაბარელის ძმისშვილია, ამავე სოფლის რწმუნებულმა მელორ ელიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც მირზა ხაბარელი დაშავდა.

პრესსპიკერის განცხადებით, შეურაცხყოფს მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მირზა ხაბარელი სოფელში „ქართული ოცნების“ დროშით დადიოდა.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მირზა ხაბარელმა სასამართლოს საჩივრით მიმართა, სასამართლომ არა მელორ ელიაშვილს, არამედ მირზა ხაბარელს და თეიმურაზ ჩაგელიშვილს, რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტია, 60 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე არ აქვს საკუთარი ოფისი ნინოწმინდაში. რამდენიმე პირმა გადაწყვიტა კოალიციისთვის ოფისის მიქირავება, მაგრამ ხელისუფლების ზეწოლის გამო მათ უარი თქვეს ფართების გაქირავებაზე.

მისივე თქმით, უწყებათაშორისმა კომისიამ ნინოწმინდაში კოალიციას ადმინისტრაციიის დაქვემდებარებაში მყოფი რამდენიმე შენობა შესთვაზა, თუმცა, მათი მდგომარეობის გამო, იქ შესვლა შეუძლებელი იყო.

ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის ხუთი წევრი დაქირავებული სახლებიდან გამოასახლეს. მიზეზი კი, ის გახდა, რომ სახლის მფლობელს მადლენ ყასალიანს დაემუქრნენ, რომ მის შვილიშვილს, რომელიც საბაჟოზე მუშაობს, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, ხოლო შვილს სავაჭრო ობიექტს დაუხურავდნენ.

„მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ვაცნობეთ, ხელისუფლება იძულებული გახდა კომისიის ხუთივე წევრი დაებრუნებინა მათ მიერ დაქირავებულ ბინებში. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ასეთ პირობებში სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოზე საუბარი შეუძლებელია“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

პრესსპიკერმა კიდევ ერთ შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გუშინ საღამოს, გორის რაიონის სოფელ დიცში „ქართული ოცნების“ წევრს ერასტი არჩვაძეს, რომელიც 18 წლისაა და „ქართული ოცნების“ მაისური ეცვა, თავს დაესხნენ ბასიშვილის ე.წ ზონდერები და მაისურის გახდა და მასზე ფეხებით შედგომა მოთხოვეს, რაც მან არ შეასრულა.

პრესსპიკერის ინფორმაციით, ამის შემდეგ არჩვაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

იგი განმარტავს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი გოგიტა გოჩაშვილი იყო, რომელიც კარალეთის ცნობილ ინციდენტში მონაწილეობდა და დღემდე დაუსჯელია.

„ერასტი არჩვაძეს მიეშველნენ იქვე მცხოვრები ზაქრო ვატიტაძე და მისი სტუმრები. თუმცა, ზონდერებმა სამივე მათგანი სცემეს“ - განაცხადა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ წუხელ პოლიცამ დააკავა არა თავდამსხმელები, არამედ, ერასი არჩვაძე და ვატიტაძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ჩარევით ისინი წუხელვე გაათავისუფლეს, ხოლო ის ფაქტი, რომ დააკავეს არა თავდამსხმელები, არამედ დაზარალებულები, პრესსპიკერის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან ხალხთან სასაუბროდ სიძულვილის ენის არჩევაზე მიუთითებს.

ბეჭდვა