„ქართული ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობას" წინასაარჩევნო ქცევის კოდექსით სპეკულირებაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობას" წინასაარჩევნო ქცევის კოდექსით სპეკულირებაში ადანაშაულებს
11:57 17.09.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებულ წინასაარჩევნო ქცევის კოდექსზე ხელმოწერის პროცესი „ნაციონალურმა  მოძრაობამ" შეაფერხა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს საზოგადობის შეცდომაში შეყვანას, რომ თითქოს, სამოქალაქო საზოგადოების შემუშავებულ წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს „ქართული ოცნება" არ შეუერთდა.

როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 23 ივლისს გამოთქვა მზადყოფნა უპირობოდ შეერთებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ ქცევის კოდექს და საჭიროების შემთხვევაში, ეთანამშრომლა არასამთავრობოებთან დამატებითი პუნქტების შეტანის მიმართულებით.

ფანჯიკიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" 6 აგვისტოს განაცხადა, რომ უპირობოდ შეურთდა დაზუსტებულ დოკუმენტს, რომელშიც ასევე, აისახა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული პუნქტები და აიღო აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ქცევის წესების დაცვის ვალდებულება.

მისივე თქმით, 30 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ" მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, სამოქალაქო სექტორის მიერ შემუშავებული ქცევის წესების მონიტორინგის მექანიზმების შექმნა მოითხოვა.

ფანჯიკიძის თქმით, კოალიცია დღეს კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ყოველგვარი შენიშვნების, წინაპირობებისა და დამატებების გარეშე აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებული ქცევის კოდექსი იმ სახით, როგორითაც ის არის გამოქვეყნებული "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ვებ-გვერდზე 20 აგვისტოს თარიღით.

„სინამდვილეში, სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიყვანა ჩიხში სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოწყებული პროცესი, უარი თქვა დოკუმენტის საბოლოო ვერსიასთან მიერთებაზე და ალტერნატიული დოკუმენტების ფრიალით ცდილობს ამ ფაქტის მიჩქმალვას. თუ ვინმე ამ მორიგი განმარტების შემდეგ ისევ დაიწყებს სპეკულირებას, რომ „ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ქცევის კოდექსზე ხელმოწერაზე, მივიჩნევთ, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორებთან" - განაცხადა ფანჯიკიძემ.


ბეჭდვა