ევროკავშირი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე მიუკერძოებელი დამკვირვებელი იქნება - ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვის, ბულგარეთის,
ჩეხეთის, ლატვიის და რუმინეთის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს.
„ჩვენ არ ვართ რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად ჩამოსული. არამედ, გვინდა დავინახოთ საქართველოს პროგრესი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა.
მისივე თქმით, ხუთივე მინისტრის თბილისში ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მკაფიო მხარდაჭერის გამოხატვაა.
როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა განაცხადა, აღნიშნული სახელმწიფოები საქართველოს მეგობრები და ამასთანავე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი მხარდამჭერები არიან.
„ვიქნებით მიუკერძოებელი დამკვირვებლები. საუკეთესო მეგობარი არის ის, ვინც შეცდომებს ხედავს და გეუბნება“ - განაცხადა შვარცენბერგმა.
მისი თქმით, მომავალ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო კამპანიისას პროცესის გაუმჯობესების დაფიქსირება და არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება. მისი თქმით, ხალხი უნდა მივიდეს არჩევნებზე, რადგან არჩევნების ბედს სწორედ მათი ხმა წყვეტს.
ამასთანავე, ბულგარელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ პროგრესირებს ქვეყანა ევროპისკენ.
მლადენოვი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, როდესაც არჩევნები უნდა გახდეს ის სტანდარტი, რომლითაც ხელისუფლება იცვლება.
„საქართველოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მძლავრი სიგნალი იქნება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც“ - განაცხადა ლატვიის პირველმა დიპლომატმა ედგარს რინკევიჩსმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს სამართლიანი და თანაბარი პირობები და თუ გამოცხადდება შედეგები, რომელსაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ცნობენ, მაშინ ეს შედეგები ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აღიაროს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი, დემოკრატიული პროცესები იმაში გამოიხატება, რომ საქართველომ არჩევნებამდე 7 თვით ადრე მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები. ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ძალებს ამ არჩევნების შედეგებზე კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ.
თბილისში ვიზიტით მყოფი ხუთი მინისტრი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ხვდება.
