„ახალი მემარჯვენეების" ხელვაჩაურის რაიონის მაჟორიტარი სოფელ ახალშენში კარიერის დახურვას ითხოვს
„ახალი მემარჯვენეების" ხელვაჩაურის რაიონის მაჟორიტარი სოფელ ახალშენში კარიერის დახურვას ითხოვს
16:11 16.09.2012
აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ხელვაჩაურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ქიძინიძე სოფელ ახალშენში კარიერის დახურვას ითხოვს.

მისი თქმით, კარიერზე ბუნებრივი ქვის მოპოვების სამუშაოები, რომელსაც შპს „ურბანი" აწარმოებს, მოსახლეობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

„აფეთქებების შედეგად ირგვლივ მდებარე სახლები ზინადება, კედლები იბზარება. ამ სახლებში ძირითადად ის ოჯახები ცხოვრობენ, რომლებიც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო გადმოასახლეს აჭარის მაღლამთიანეთიდან. ამ კარიერის გამო ეს ოჯახები ისევ მძიმე ეკოლოგიურ პირობებში ცხოვრობენ“ - განაცხადა თემურ ქიძინიძემ.

მისი თქმით, გარდა სახლების დაზიანებისა, კარიერზე ქვის მოპოვება სხვა პრობლემებსაც ქმნის.

ქიძინისძის განმარტებით, მიმდებარე მთებში არსებული წყაროს წყლებით 5 სოფლის მოსახლეობა მარაგდება. კარიერმა და ქვის მოპოვებამ კი წყაროების დაშრობა გამოიწვია.

„ახალი მემარჯვენეები“ ცხადია, მომხრე ვართ, რომ ქვეყანაში წარმოება ვითარდებოდეს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესების ხარჯზე. აჭარაში საკმაოდაა ადგილები, სადაც შეიძლება ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება და წარმოების განვითარება ისე, რომ მოსახლეობა არ ზარალდებოდეს და ლიცენზიების გაცემა საწარმოებზე სწორედ ასეთ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს" - განაცხადა მან.

ბეჭდვა