საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუხიანი-გლდანის დამაკავშირებელი გზის ახალი მონაკვეთი გახსნა, რომელიც შეშელიძისა და გობრონიძის ქუჩებს აკავშირებს.
პრეზიდენტი საჭეს თავად მიუჯდა და ახალი გზა თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად გამოსცადა.
ქვეყნის პირველმა პირმა ახალი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიგი უგულავამ პრეზიდენტს განუმარტა, რომ აღნიშნული გზა დიდ მონაკვეთს ჭრის და მნიშვნელოვანია ქალაქის განტვირთვის თვალსაზრისითაც.
სააკაშვილი მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებითაც დაინტერესდა და მერისგან ინფორმაცია წყალმომარაგებისა და ნაკვეთების დაკანონების საკითხებთან დაკავშირებითაც მიიღო.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, მიწების დაკანონების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება წყალმომარაგებას, თბილისის მოსახლეობას, ამ მხრივ, პრობლემა აღარ აქვს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სააკაშვილი მუხიანის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.
მან ყურადღება განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თითოეული ოჯახი მიიღებს კალენდარს, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ყველა ის გეგმა, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს პერიოდში შეასრულებს.
სააკაშვილმა გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება საქართველოს მასშტაბით.
სააკაშვილის თქმით, ყველა დაპირებას პარტია კარგად შემუშავებული გეგმის შესაბამისად იძლევა და მათი განხორციელება მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
