ივანიშვილი - უცხოელების მითითებების წყალობით, სააკაშვილი უკან დიდი ნაბიჯებით იხევს
ივანიშვილი - უცხოელების მითითებების წყალობით, სააკაშვილი უკან დიდი ნაბიჯებით იხევს
18:55 15.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილის მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოელების  მითითებების წყალობით, უკან დიდი ნაბიჯებით იხევს.

როგორც ივანიშვილმა დღეს ახალციხეში „ქართული ოცნების“ აქციაზე აღნიშნა, ხელისუფლება სხვადასხვა საბაბით „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვებისა და პარლამენტში შესვლის უფლების წართმევას ცდილობდა.

მისი თქმით, ხელისუფლებას კიდევ უფრო მზაკვრული და შორსმიმავალი გეგმა ჰქონდა ჩაფიქრებული, როცა სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ, მისთვის დაკისრებულ მილიონობით ჯარიმებს „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიისთვის დახარჯულად უთვლიდა.

„თურმე ნუ იტყვით, მილიონებს ერთმანეთს იმიტომ უმატებდნენ, რომ არჩევნების შემდეგ აღმოჩენილიყო, თითქოს ჩვენმა კოალიციამ უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ამის უფლებას კანონი აძლევს. ამ საბაბით ცდილობდნენ გამარჯვება და პარლამენტში შესვლის უფლება წაერთმიათ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ამერიკის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია, რომელსაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობდა.

ივანიშვილის განცხადებით, მელიამ ქართველი ხალხის სწრაფვას დემოკრატიული პროცესებისკენ მხარი დაუჭირა. უცხოელების მითითებები კი, სააკაშვილისთვის სულერთი არ არის.

„ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციებმა როგორც კი მკაცრი და კონკრეტული განცხადებები გააკეთეს, ხელისუფლებამ პარტიების ინკასო გადაავადა; შეაჩერა ჩემი და კახა კალაძის ჯარიმების აღსრულება; გაათავისუფლა „ქართული ოცნების“ ოფისი უკანონოდ შემოჭრილი პირებისგან და თავისივე შემოვლებული სამარცხვინო ღობე მოხსნა“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, ასევე, აღსრულების სამსახურმა კოალიციის შემომწირველებისთვის უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმების გამო მათი ქონების აუქციონზე გაყიდვა შეაჩერა.

ივანიშვილის გაცხადებით, უცხოელების მითითებით, ყადაღა მოეხსნა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ‐ „მაესტროს“ სატელიტურ თეფშებს და ობიექტური ინფორმაციის ‐ სიმართლის გავრცელება დაუშვეს.

ბეჭდვა