კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ყველას, ვინც ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას
გაბედავს, სასამართლო გამოუტანს განაჩენს.
როგორც ივანიშვილმა ახალციხეში გამართულ აქციაზე განაცხადა, ბოროტმოქმედება დაუსჯელი არ დარჩება, მიუხედავად იმისა, ვისი მომხრე ჩაიდენს მას.
კოალიციის ლიდერმა ახალციხის აქციიდან იმ ადამიანებს მიმართა, რომელთაც სჯერათ, რომ თუ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება, აღარც სახელმწიფო იარსებებს.
„არც ერთი ცივილიზებული ქვეყნისთვის ხელისუფლების ცვლილება ტრაგედია არ არის. სწორედ ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა იმაზე, რომ ხელისუფლება გარკვეული ვადით უნდა აირჩიოს მოსახლეობამ და ისევ არჩევნების გზით შეცვალოს იგი ‐ ეს არის დემოკრატიის, ცივილიზაციის მონაპოვარი და ეს მონაპოვარი უნდა დავიცვათ 1‐ელ ოქტომბერს არჩევნებში“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მას ამაში საერთაშორისო საზოგადოება და დემოკრატიული სამყარო გვერდით დაუდგება.
მისივე თქმით, სააკაშვილმა უცხოელები იმდენჯერ გააწბილა, რომ მის მორიგ უკანონობაზე თვალს აღარავინ დახუჭავს.
