საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დაშინებით დამყარებული წესრიგი მხოლოდ დიქტატორული
რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი.
როგორც ივანიშვილმა ახალციხეში გამართულ აქციაზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ ადამიანის ღირსებაზე დამყარებულ სამართლიანობას დაამკვიდრებს და უდანაშაულო ადამიანებს ციხეში არ ჩასვამს.
მისი თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ სინამდვილეში, ნამდვილი კრიმინალები გარეთ გამოუშვა და შემდეგ ისინი ზონდერ ბრიგადებში გადაანაწილა. ბევრი უდანაშაულო კი, ციხეშია.
„ახლა ხალხს იმით აშინებენ, რომ ჩვენ ყველა დამნაშავეს გარეთ გამოვუშვებთ. ჩვენ პატიმრებს ციხეებიდან კი არ გამოვუშვებთ, არამედ მიუკერძოებელი სასამართლო ყველა უკანონო პატიმრის საქმეს განიხილავს. ყველა პატიმარი ჩვენი მოქალაქეა და მათი დროებითი იზოლაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ თავისი პატიმრების ბედი არაფრად ჩააგდოს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ მრავალი უდანაშაულო ადამიანი პრობაციონერად აქცია.
ივანიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ეს დღეს ბიუჯეტის შევსების ერთ‐ერთი მთავარი წყარო გახდა, ხელისუფლება მათ და მათი ოჯახის წევრებს შანტაჟითა და დაშინებით „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ მუშაობას და არჩევნებში მათ მხარდაჭერას აიძულებს.
„არ ვაპირებთ პატიმრებთან ანგარიშსწორებას. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. ვიზრუნებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მოახერხონ ადაპტაცია და საზოგადოებას სრულფასოვან ადამიანებად დაუბრუნდნენ. არც ერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი“- აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი იქნება.
ივანიშვილის განცხადებით, სააკაშვილი სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ათასობით ადამიანს დაჟინებით უმტკიცებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყველას სამსახურიდან გაათავისუფლებს.
„ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი არაფერი მოხდება. რევანშიზმი და პოლიტიკური ანგარიშსწორება დაუშვებელია. აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა.“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ვისაც მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, კერძოდ, მკვლელობა, წამება, საკუთრების წართმევა თუ მსგავსი სხვა, დამოუკიდებელი სასამართლო კანონის ძალით გაასამართლებს.
