„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პირობას დებს.
როგორც მან ახალციხეში კოალიციის აქციაზე განაცხადა, დღეს მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს მონოპოლიზებული მინერალური წყლის რესურსი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები სრულად იგნორირებულია.
მისი თქმით, ტაბაწყურის ულამაზეს ტბას მაღალჩინოსნები დაეპატრონენ და დროსტარების ადგილად აქციეს, ადგილობრივებს კი, ოჯახის გამოსაკვებად თევზაობის საშუალებასაც არ აძლევენ.
„მსგავსი უსამართლობა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ახალციხეს ტყეც წაართვეს და ერთი მუჭა მონოპოლისტების ხელში ჩააგდეს, ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფი უმოწყალოდ ანადგურებს მას“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში უნიკალური ბუნება ნადგურდება, რის გამოც ხელისუფლებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.
ივანიშვილის განცხადებით, ამის პასუხი არჩევნებზე მისვლა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაა, რომელიც მოსახლეობას ჰპირდება, რომ სამართლიანობას ნაბიჯ-ნაბიჯ ყველგან აღადგენს.
